დასავლეთი - აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა უკვე ერთი კვირაა, შეჩერებულია. სამტედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მუშები გაიფიცნენ და გზის მშენებლობას მანამ არ განაახლებენ, ვიდრე ხელფასს არ გადაუხდიან. 50-მდე ადამიანს უკვე რამდენიმე თვეა, კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღია. ყოველი თვის ბოლოს პასუხისმგებელი კომპანია დაქირავებულ თანამშრომლებს უშედეგოდ ჰპირდება, რომ ხელფასი მალე იქნება.
გაფიცულ მუშებს ისედაც მძიმე სამუშაოს შესრულება კიდევ უფრო მძიმე პირობებში უწევთ. აშენებენ მაგისტრალისთვის საჭირო ხიდებს, რომ პროექტი დათქმულ ვადაში, 2 წელში დასრულდეს. დამქირავებელ კომპანიას კი ჰპირდებიან, რომ თუ ვალს არ გაისტუმრებენ, სამუშაო ადგილებზე არ გავლენ. კომპანია „გრინვაის“ თითოეულ ადამიანზე 1000-დან 5000 ლარამდე მართებს.
კუთვნილი ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით გაფიცულმა ადამიანებმა დღეს საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს. ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა დახმარება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვეს, რომ საკითხით დაინტერესდნენ და აიძულონ დამქირავებელი კომპანია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
აქციის მონაწილეების საპასუხოდ კომპანია "გრინ ვეის", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, განმარტებების გაკეთება არ სურს. კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა პირობას დებს, რომ დაგროვილ დავალიანებას დასაქმებულებს 15 დღეში მისცემენ.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.