17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ცენზურის დაწესების მცდელობა - სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ნონიაშვილი იუსტიციის სამინისტროს შავ სიაშია

"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ნონიაშვილი უკვე ნახევარი წელია, იუსტიციის სამინისტროს შავ სიაშია. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილს 6 თვის წინ შეუზღუდა. სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც სამინისტროს საქმიანობა ამავე უწყების Facebook გვერდზე გააპროტესტა და საჯარო კომენტარი დაწერა.

ამ დღის შემდეგ სამინისტროს გვერდზე ნონიაშვილი ვეღარც კომენტარებს წერს და ვერც საჯარო განცხადებებზე სიმბოლოებით განწყობებს ვერ გამოხატავს.

კომენტარი, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო გააღიზიანა, Facebook ტროლებს ამხელდა. ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ წულუკიანის უწყებამ მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა და სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უჩივლა. კოლეგიამ სარჩელი კერძო დავად შეაფასა და განსახილველად სამოქალაქო კოლეგიაში გადაამისამართა, თუმცა წარმოებაში არც მათ მიიღეს. ვის უნდა განეხილა საქმე, ორ კოლეგიას შორის დავა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა და ნონიაშვილის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას დაუბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს მხოლოდ კოლეგიათა შორის დავა უნდა გადაეწყვიტა, ამ განჩინებით ქვეყნის მთავარმა სასამართლომ სავარაუდო გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მოქალაქეს შეუზღუდა.

სტუდენტი, ლაშა ანაკიძე კრიტიკული კომენტარების გამო ფოთის მერიის ოფიციალურმა Facebook გვერდმა დაბლოკა. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის საქალაქო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს.  

ზღუდავს თუ არა სახელმწიფო მოქალაქის აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას კომენტარის წაშლით, ამ საკითხზე სასამართლოს მსჯელობა პირველად უწევს, გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება და ის ავტომატურად სხვა მსგავსს შემთხვევებზეც გავრცელდება.

ოფიციალური უწყებების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკული მოსაზრებების წაშლას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი. 

დღის ამბები