რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება - გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ, ადგილობრივები უკვე მავთულხლართების გავლებას ელოდებიან. ადგილზე მონიტორინგის მიზნით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებენ. ტერიტორიაზე არიან პოლიციის თანამშრომლებიც.
„ბევრი ადამიანი შეგვეხმიანა, ისინი მოდიან, მათ შორის, დასავლეთიდან, სხვა და სხვა რეგიონებიდან საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დადგნენ აქ და შეაჩერონ ის უკანონო ბორდერიზაცია, რომელიც დაიწყო რამდენიმე დღის წინ. გუშინ იყო ზენიტი, როდესაც ადგილობრივი მოსახლის ეზოში გაავლეს ბოძები და ამ ბოძების გავლების პროცესი არ შეჩერდა, ჩვენ აქ მივიღებთ მორიგ მავთულხლართებს, მივიღებთ მორიგ ღობეს, ისევე, როგორც ერგნეთში და სხვა სოფლებში,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელმა, ლაშა ბერულავამ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი გუშინ განახლდა.