საქართველოში ყალიბდება კლასიკური პუტინის დიქტატურა, სადაც კომენდანტია ბიძინა ივანიშვილი - ასე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი, შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა. მისი თქმით, თუ დასავლეთი და აშშ არ მიიღებს ზომებს საქართველოში დაწყებული რეპრესიების წინააღმდეგ, რუსეთის დროშა ყველგან აფრიალდება.
„დღეს ევროპის სასამართლომ პუტინს საშუალება მისცა, საქართველოში დაეწყო პირდაპირი რეპრესიები, თუ არ მიიღებენ ჩამკეტ ზომებს, აი, ის რუსეთის დროშა, ორთავიანი არწივი ეიფელის თავზე აფრიალდება,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ედპ-ს ლიდერის თქმით, პროკურატურა სრულ მორჩილებაშია ხელისუფლებასთან. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საქმე იმდენად აბსურდულია, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს თეთრი ძაფით ნაკერიც კი არ ჰქვია.
„ამ ბრალით როგორ უნდა ჩასვან გვარამია ციხეში, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ საქმე, რომლის გამოც ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა, სამოქალაქო დავების საქმეს განეკუთვნება. თამარ კორძაიასთვის გაუგებარია, საქმეში რატომ ერთვება პროკურატურა.
„თუ ედავება დირექტორს სათანადო თანხების ვერმიღებაში, უკანონო ხელშეკრულების დადებაში - ეს არის წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, სასამართლოში იდავონ და მოსთხოვონ ამ ზიანის ანაზღაურება. პროკურატურა რატომ ერთვება, ხელისუფლება რატომ თვლის, რომ მისი გადასაწყვეტია ეს საკითხები, ან რატომ თვლიან მფლობელები ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმით, მათ ეს ზიანი აუნაზღაურდებათ გაურკვეველია. ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, ჩაერიოს ყველა მედიასასუალების საქმიანობაში,“ - ამბობს კორძაია.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუ ნიკა გვარამიას დააკავებენ, ის იქნება პოლიტიკური პატიმარი. მისი თქმით, როცა ამ გაჭირვების დროს ივანიშვილს ზღვა სახლთან მიჰყავს, ეს უკვე დასასრულია.
„მე მგონი, რომ ეს ფინალია. გეფიცებით, გარეთ ყოფნა შეგვეზიზღება, შეგვრცხვება, მერე იჯექით მანქურთებთან ერთად, მოვა ახალგაზრდა მთავრობა და კინწისკვრით გაგყრით,“ -ამბობს ჩარკვიანი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ასახელებენ კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც მმართველ გუნდს ნიკა გვარამიას პატიმრობა სჭირდებათ და ეს არის ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზია.
პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ამის დასტურია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, სხვა 18 პოლიტიკური პატიმართან ერთად, ახლა კი გვარამიას ჯერია.
„ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა, ახლა გახდება პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია, არც ველოდები, რომ გამოუშვებენ, რადგან ეს არის ივანიშვილსი მოთხოვნა, რომ გვარამია იყოს ციხეში და ასეც გააგრძელებენ. აბსოლუტურად ყველას ჩამოგვივლის და ასე შეგვყრის ციხეში,“ - ამბობს ჩალაგაშვილი.
”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პროცესი პოლიტიზირებულია და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული დევნა არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა ნიკა გვარამიას მიმართ და პირადი შურისძიება. გპგუაძის თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ არ გაჩნდეს ახალი მედიასაშუალება.
ნიკა გვარამიას ბრალი უკვე წარედგინა. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დღეს 19:00 საათზეა დაბარებული.