ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა - ასე აფასებს ოპოზიცია პროკურატურის ბრძოლას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის დაკვეთით ციხეში უშვებენ ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, რომლის მმართველობის პერიოდში „რუსთავი 2-მა" „ქართული ოცნების“ გუნდის არაერთი კორუფციული გარიგება, ადამიანების უკანონოდ დევნა და რეპრესიები ამხილა.
ოპონენტების მთავარი მოპასუხე უმრავლესობის ლიდერი იყო. გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ტრადიციული გზავნილები გაიმეორა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა ვოლსკიმ აღარ განმარტა, როგორ მოახერხა პროკურატურამ რეკორდულად მოკლე დროში გვარამიას საქმის გამოძიება, მოწმეების დაკითხვა და მისთვის ბრალის წაყენება. ეს მაშინ, როდესაც ხალხი პროკურატურის კართან რიგში წლებია დგას და მათი საქმეების გამოძიებას ელოდება.
მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ გვარამიას ციხეში გაშვება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. "ქართული ოცნების" ლიდერი "რუთავი 2 ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს არ პატიობს გასულ შვიდ წელს, გამონათქვამებს პირდაპირ ეთერში და ახალი ტელევიზიის დაანონსებას, რომელიც, გვარამიას თქმით, უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე „რუსთავი 2“ და უფრო გავლენიანი, ვიდრე დანარჩენი ყველა.
ოპოზიციამ პარტნიორ ქვეყნებს მიმართა და მოქმედებისკენ მოუწოდა. ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას აფრთხილებენ, რომ თუ რეპრესიები არ შეჩერდება, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს ძვირად დაუჯდება.
ოპოზიციის ეჭვებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას, ისიც ამყარებს, რომ პროკურატურა ძალიან ჩქარობს.