17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
რეკორდული სახელფასო ფონდი - „ქართული ოცნება“ ჩინოვნიკებს სულ უფრო მეტ ფულს უხდის

„ქართული ოცნება“ ჩინოვნიკებს სულ უფრო მეტ ფულს უხდის. ხელისუფლება წლიდან წლამდე ახალ რეკორდებს ამყარებს და ასეა წელსაც. ხელფასები, პრემიები და დანამატები მხოლოდ პირველ ექვს თვეში 88 მილიონითაა გაზრდილი. 

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებმა ბიუჯეტიდან 2019 წლის იანვრიდან - ივნისის ჩათვლით, პრემიების და დანამატების ჩათვლით 735 მილიონი მიიღეს. ეს შარშანდელთან შედარებით 48 მილიონი ლარით მეტია. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა.

აუდიტის სამსახურის გასაჯაროვებული მონაცემებიდან ჩანს, რომ წელს პრემიებსა და დანამატებთან ერთად მთავრობამ შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი დახარჯა ჩინოვნიკების ხელფასებშიც. 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა. არადა შარშან, 2018 წლის პირველ ექვს თვეში მოსახლეობას ჩინოვნიკების შენახვა 40 მილიონით ნაკლები დაუჯდა

ხალხის ფულის ხარჯვაში ლიდერი გახარიას უწყებაა. შსს-ის თანამშრომლების ხელფასები, პრემიებითა და დანამატებით წელს უკვე 228 მილიონი, ანუ შარშანდელზე 57 მილიონით მეტი დაჯდა. უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებაში საუბარია იმ მიზეზებზე, რამაც წელს სახელფასო ფონდის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ საკითხად გახარიას უწყება რამდენიმე უწყების შეერთებას და პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდას ასახელებს.

ხელისუფლების არგუმენტი, რომ ხელფასები მხოლოდ რიგით მოხელეებს და არა ჩინოვნიკებს ეზრდებათ, მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. მმართველ ძალას დღეს სიპებსა და აიპებში დასაქმებული პარტიული აქტივი შეახსენეს, პოლიტიკური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის ფულის აქტივისტებზე უკონტროლო ხარჯვა არჩევნებზე ხმების მობილიზების მიზნით ხდება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2012 წლიდან 2018 წლამდე საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი ერთი მილიარდი ლარით გაზარდა.

დღის ამბები