17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
გვარამიას, ოქრუაშვილის, "თიბისის" საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია - ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში დაწყებულ  „დაჭერებს“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიად აფასებს, - ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, „თიბისის“ საქმე და 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავება ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ყველა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ოპონენტების განეიტრალებაა.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს, რომელთა შორისაა 20 ივნისის ძალის გადამეტების შემთხვევების გამჭვირვალედ გამოძიება. არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, შეწყვიტოს საეჭვო დაკავებები და ადამიანები პასუხისგებაში მისცეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში და არ შეუქმნას საფრთხე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ფუნქციონირებას.

„ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური დევნა და დემოკრატიის დასასრული ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩვენ შევდივართ განსხვავებულ რეალობაში, რაც არის რეპრესიები, პრაქტიკულად, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო იქნება და უკან დაიწევს საქართველოს რეიტინგი, იმიჯი და ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ იქნება გამოძიება ეფექტური და მიუკერძოებელი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმე ამ პერიოდზე შევა შემდგომში ადამიანს უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“ - განაცხადა მარიამ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა, ჯიშკარიანმა.

 

 

დღის ამბები