უნიკალური სვანური კოშკები ინგრევა, ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად კი მოსახლეობა იძულებულია გზები გადაკეტოს. უშგულში მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე დღის წინ იქ კიდევ ერთი მრავალსაუკუნოვანი ნაგებობა ჩამოიშალა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან არავინ დაინტერესებულა არც მიზეზებით, და არც იმით, თუ როგორო უნდა გადავარჩინოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. მდგომარეობა კი საგანგაშოა.
ადგილობრივების თქმით, სვანური კოშკები ნადგურდება, რომელთა გადასარჩენად მოსახლეობას არც რესურსი აქვს და არც ცოდნა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ადგილზე სპეციალისტების გაგზავნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად მათთან არავინ მისულა. მათივე თქმით, საპროტესტო აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას არ დაიწყებს.
„ქვა ქვაზე არ დადებულა საერთოდ. არანაირი აღდგენა და არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა. 5 დღის წინ, დაახლოებით, დაინგრა კოშკი, სადაც თამაშობენ ბავშვები, ჩვენ თვითონ დავდივართ ისე, რომ უნდა მოერიდო, რომ თავზე რაღაც არ დაგეცეს. სიცოცხლის ფასად ცხოვრობს ხალხი და სიცოცხლის ფასად ინარჩუნებს ამ ყველაფერს. საერთოდ არავითარი ყურადღება არ გვექცევა და არ კეთდება არაფერი“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, გირშელ ჭელიძე.