ნიკა ვაჩეიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებულ მძიმე მდდომარეობაზე საუბრობს. მან ეს განცხადება ყინწვისის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ, რა დროსაც ტაძარში ძველი იატაკი აყარეს და მარმარილოს ფილები დააგეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ სახელმწიფო კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავს.
„ეს ფაქტიურად არის სისტემის ძალიან დიდი სისუსტის მაჩვენებელი. ჯერ კიდევ სხვა პრეცედენტების დროს ვვარაუდობდით რომ დაცული არ ვართ კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ხელყოფისგან და თან სად, ყინწვისში რომელიც არის მთავარი გამოხატულება შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების. აქ თუ ასეთი შემთხვევითობა შეიძლება მოხდეს უკონტროლო და საშინელება და ხელყოფა კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებზე რა გარანტიაა, რომ მსგავსი არ მოხდება. რისთვის არის სახელმწიფო და მთლიანად ეს სტრუქტურა რომელიც ფინანსდება,“-განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.
ყინწვისში, მე-13 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში ძველი იატაკი აყარეს და ის მარმარილოს ფილებით ჩაანაცვლეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. იატაკის გამოცვლის გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ნებართვის გარეშე მიიღეს.
მომხდარს საპატრიარქოც გამოეხმაურა, რომელმაც სასულიერო პირების თვითნებური გადაწყვეტილება დაგმო.