გუგუტიანთკარში მცხოვრები 9 ოჯახის სახლი და ბაღიც შესაძლოა საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს. ამის რეალური საფრთხე მოსახლეობამ 7 აგვისტოს დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის დროს დაინახა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ათობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩეს. ხალხი შველას ითხოვს, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი მათთან ამ დრომდე არ ჩასულა.
მოსახლეობამ არც კი იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ მათი სახლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ისინი სოფელში ხელისუფლების წევრების ჩასვლას და მეტ ყურადღებას ელოდებიან.
ომი ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ომის შემდეგ საქართველოში კი უკვე 11 წელია ხელისუფლების სრული უყურადღებობის პირობებში ცხოვრებენ, ამბობენ რომ რუსი ოკუპანტების პირისპირ დატოვებული ადამიანები მთავრობას არც კი ახსენდება.
მოსახლეობის პრეტენზიები არასათანადო ყურადღების შესახებ, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. პრემიერი აანონსებს, რომ მალე მიტოვებულ სოფლებში ჩავა. მთავრობაში აცხადებენ, მათი მყისიერი რეაგირების შემდეგ, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
მცოცავ ოკუპაციაში წინა ხელისუფლების დადანაშაულებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს ოპოზიცია. ყოფილი ხელისუფლების წევრები, ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას არ აქცევს სათანადო ყურადღებას.
რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბოძები, აქამდე არსებული საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერიდან, ასი მეტრის მოშორებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.