იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები დასასრულს უახლოვდება. საბჭოს წევრებმა სულ რამდენიმე კანდიდატს უნდა მოუსმინონ.
დღეს მადი ჩანტლაძე და სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე ისაუბრებენ მიზეზებზე, რის გამოც მათი აზრით, უვადო მოსამართლეობას იმსახურებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გაუჩნდა ქეთევან ცინცაძის უზენაესი მოსამართლეობის სურვილი მაშინ, როდესაც ის არსებულ ინსპექტორის თანამდებობას კონკრეტული ვადით იკავებს.
„მადი ჩანტლაძე არის მოქმედი მოსამართლე, ხოლო ქეთი ცინცაძე არის დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია კონკრეტული ვადით. რამდენიმე წელი მას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი უფლებამოსილების. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, პირველი, რატომ გადაწყვიტა თანამდებობაზე კონკრეტული ვადით არჩეულმა ადამიანმა რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მეორე, რა დამსახურება აქვს მას იმისათვის, რომ იგი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
სხდომის თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის კითხვებს ამჯერადაც აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც კანონით პირდაპირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.
„ეს მორიგი აბსურდული მოსაზრება არის. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თუ კანონით დაწესებული არ არის პირდაპირი შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის დასაკავებლად. ამ შემთხვევაში შეზღუდვა ქეთევან ცინცაძეს არ ჰქონია, ფორმალური მოთხოვნებისადმი შეუსაბამო ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამიტომ ის მონაწილეობს შერჩევის პროცედურაში,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.