"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სახალხო დამცველს შეხვდა. ნიკა გვარამია შეხვედრაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მან, ნინო ლომჯარიას მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დეტალები გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მას საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. სახალხო დამცველი ეჭვს გამოთქვამს ხომ არ არის სამოქალაქო დავა, სისხლის სამართლის საქმედ ფორმირებული.
„არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მეტი მტკიცებულებები. ჩვენ ვაპირებთ რომ როდესაც დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში შევეცდებით მაქსიმალურად რომ ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება გასნჯადობასთან დაკავშირებით. არსებობს კითხვები არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ ეს მსგავსი საკითხი არის სამოქალაქო განსჯადობის თემა. პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე ჩემი წარმოდგენით და მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს განზრახვასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევხვდეთ პროკურატურასაც და მათი პოზიციები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მე დღეს გამიჩნდა ნიკა გვარამიას და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო პროკურატურის მოსაზრებებიც,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნიკა გვარამიამ კი ის მიზეზი განმარტა, რის გამოც მან ომბუდსმენთან შეხვედრა გადაწყვიტა. "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, სახალხო დამცველი სახელმწიფოში არის ერთადერთი ინსტანცია რომელთანაც საუბარი შეიძლება.
„მოვუყევით ყველაფერი რაც ნათელი ინდიკაციაა იმისა, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის ღია პოლიტიკური დევნა, რომელიც ზედაპირზეა და ამას ბევრი შესწავლა არ სჭირდება. იმედი მაქვს რომ სწორი და ადეკვატური დასკვნები გაკეთდება სახალხო დამცველის მხრიდან და შესაბამისად ვიხილავთ რაიმე ტიპის რეაგირებას ამ საკითხზე,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.