ნიკა გვარამიამ ე.წ. უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც გირაოს თანხა ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არ ჩაიბარა. ის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას და კოდის ჩაბარებაზე უარის თქმა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მისმა რომელიმე გულშემატკივარმა არ ჩარიცხოს თანხა მასთან შეუთანხმებლად. ნიკა გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება, ეს პროკურატურის პასუხისმგებლობა იქნება.
„მე ნათქვამი მაქვს, რომ გირაოს არ გადავიხდი. ამის უფლებას არ ვაძლევ არც იმ ადამიანებს ვინც ეს შეიძლება კეთილი ზრახვებით გააკეთოს. ჩემს გულშემატკივრებს და ადამიანებს ვინც თვლის რომ ჩემი გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია. მე არ ვაძლევ ამის უფლებას არავის და ვერც მივცემ რომც მინდოდეს. გირაოს უნიკალური კოდი არ ჩავიბარე. შესაბამისად, ის არ ვიცი და ამიერიდან ერთადერთი პასუხისმგებელი იმაზე თუ ვინმე ჩარიცხვას გირაოს ჩემს ანგარიშზე არის ეს უწყება იმიტომ რომ მხოლოდ მან იცის გირაოს უნიკალური კოდი. ამიტომ თუ მოუნდება რაღაცის „გაჩალიჩება“ ამაზე პასუხიც გვექნება. განმიმარტეს, რომ ეს არ გადახდა შეიძლება დასრულდეს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით. დასრულდეს, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. გირაოს არ გადავიხდი იმ ვითარებაზე როცა მე ვარ მართალი და როცა მბრალდება არარსებული დანაშაული და ეს დანაშაული არის რუსთავი 2-ისვის რაღაც ფულის მითვისება. გამორიცხულია. კომპანიაში, რომელშიც სახლიდან მაქვს მოტანილი ლამის და 7 წელი ამას შევალიე, ასეთ ბრალდებაზე მე ხელს არ მოვაწერ, მათშორის არც გირაოთი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი განმარტავს, რომ გირაოს უნიკალური კოდის არ ჩაბარება ვერ გახდება საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ შეგნებულად არ ჩაიბარა კოდი, რათა არ მოხდეს სხვა პირების მხრიდან ანგარიშზე ფულის შეტანა.