აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი, რომელიც ტელე იმედის ეთერში გავიდა მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.
ფილმს არც ტიტრი ჰქონდა და არც ავტორი ეწერა. ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იყო ფილმი აგვისტოს ომზე, რომელიც პირდაპირ რუსულ გზავნილებს გადმოსცემდა. პოლიტიკურ სპექტრის დიდი ნაწილი გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც ქვეყნის ნაციონალური მაუწყებლის ეთერში ნახეს ფილმი, სადაც უცნობი ავტორი ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას პირდაპირ სდებდა ბრალს.
თითქმის 40 წუთიანი ტელეპროდუქტი, 2008 წლის სისხლიან მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს და პუტინ-მედვედევის ბრალეულობას 11 წლის განვითარებულ პროცესებზე მინიმუმამდე დაჰყავს. ფილმის მთავარი გზავნილია - ომი სააკაშვილმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპოზციის გასანეიტრალებლად დაიწყო.
ხმაურიან ფილმზე პასუხისმგებლობა "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ლალიაშვილმა აიღო. ავტორად კი მან მერაბ მამარდაშვილი დაასახელა.
"მედია-ჩექერმა" კი ტელეკომპანიის ფილმი დეტალურად შეისწავლა და განაცხადში პირდაპირ დაწერა რომ ფილმში მნიშვნელოვანი ფაქტები მიჩქმალულია და მოვლენები ცალმხრივად არის გადმოცემული. სიუჟეტს 6 რესპონდენტი ჰყავს და ფორმალური ბალანსისთვისაც კი არ არის წარმოდგენილი წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი.
ხელისუფლება რომ სრულად იზიარებს ხმაურიანი ფილმის სულისკვეთებას, ეს დღეს "ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებიდანაც გამოჩნდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირადაპირ გაიმეორა "ოცნების" და "პუტინის" მთავარი გზავნილი, რომ ომის დაწყებაშიც და მის შემდგომ პროცესებშიც პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება.
გაყალბებული ისტორია ომზე, ხმაურიანი ფილმი იმედზე და "ოცნების" ლიდერების საერთო გზავნილი 2008 წლის ომის დაწყებაზე, ორკესტრირებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოცნებამ ისევ ნეგატიური კამპანიის სტილი აირჩია და მთავარი მიზანიც ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დემონიზებაა.