17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სამი ტელევიზიის საბიუჯეტო დავალიანება 56 მილიონს აღწევს - ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს 

ფინანსთა სამინისტრომ დროის ათვლა დაიწყო - ვანო მაჭავარიანი, "რუსთავი2"-ის, იმედის და მაესტროს ხელმძღვანელობას, საგადასახადო დავალიანების გასტუმრების გრაფიკით მოლაპარაკებაზე ელოდება, ვადა ორკვირიანია. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, სასამართლო ყადაღის პირობებში ბიუჯეტის მიმართ 28 მილიონი დაუგროვდა. უცნობია რატომ არ იხდიდნენ გადასახადს, "იმედი" და "მაესტრო", თუმცა მედია ჰოლდინგის ვალი უკვე 27 მილიონს აღწევს.

ფინანსთა მინისტრმა განცხადება ზუსტად იმ დროს გააკეთა, როცა ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა. მაჭავარიანი ამბობს, რომ ვალების ჩამოწერის მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს და ბიუჯეტის გადასახადი ყველა ტელეკომპანიამ თანაბრად უნდა გადაიხადოს. მისივე განცხადებით, არხის 28 მილიონიანი დავალიანების განულება არ მოხდება, თუმცა თუ მოლაპარაკებები დროზე დაიწყება ვალის ნაწილს ყველა ტელევიზიას ჩამოაწერენ.

გარდა ამისა მინისტრი ტელევიზიებს დაუყონებლივ სთხოვს მიმდინარე დავალიანების გასტუმრებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ძველი ვალების რესტრუქტურიზაცია დაიწყოს. თუმცა კითხვა - რამდენ წელზე შეიძლება გაიწეროს ვალების გადახდის პროცესი? დღეს მაჭავარიანმა უპასუხოდ დატოვა.

"რუსთავი 2"-ის, "იმედის" და მაესტროს მენეჯმენტი მზად არის ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაიწყონ. რამდენ ხანში დაფარავს სამივე ტელევიზია ჯამში 56 მილიონიან დავალიანებას უცნობია. სამივე არხის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გეგმის შესადგენად დრო და მოლაპარაკებები სჭირდებათ.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ არხს ბიუჯეტის წინაშე ვალები ქიბარ ხალვაშის მიერ დადებული ყადაღის და ხელისუფლების ფინანსური წნეხის გამო დაუგროვდა, მანამდე კი "რუსთავი 2" გადასახადებს ბიუჯეტში პირნათლად იხდიდა. გვარამიას აინტერესებს, ამ ფონზე რა მიზეზით არ იხდიდნენ გადასახადებს იმედი და მაესტრო.

ბიუჯეტის ვალი არ აქვთ, ტვ "პირველს" და "კავკასიას". ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიის დირექტორის შეფასებით, ფინანსთა სამინისტრო “კავკასიას” უთანასწორო პირობებში აყენებს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, თუ “რუსთავი 2"-ს, "იმედს" და "მაესტროს" ვალებს ჩამოაწერენ, კავკასია წლების განმავლობაში ბიუჯეტში გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

დღის ამბები