17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სახელმწიფო უწყებები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ეს უბედურება შეჩერდეს - ციხელაშვილის უწყების წარმომადგენელი გუგუტიანთკარში ჩავიდა 

„დამწვარი სახლები, რომელიც ორი ოჯახის საკუთრება იყო, მოექცა ღობეებს იქით“, - ეს განცხადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ გააკეთა.

ზვიადაძის ინფორმაციით, სოფელ გუგუტინათკარში მცხოვრები ორი მოქალაქის სახლი ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა. სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს. 

„ამ წუთებში სამუშაოები არ მიმდინარეობს. ვნახე, როგორ აკეთებდნენ ბოძებს ძალიან ახლო მანძილზე. საკმაოდ რთულია, ეს პროვოკაციული მოქმედებები გრძელდება. სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეხება აქვთ ამ თემასთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ეს უბედურება შეჩერდეს და გაგრძელება არ ჰქონდეს“, - ამბობს ზვიადაძე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის თქმით, დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება.  

„მაქსიმალურად ვეცდებით, ამ ხალხის მიმართ გამოვხატოთ მატერიალური ფორმით მხარდაჭერა, რათა შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რაშიც დღეს იმყოფებიან“, - ამბობს ზვიადაძე.

რაც შეეხება წყლის რეზერვუარს, რომელიც ასევე მავთულხლართებს მიღმა ექცევა, სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.

„წყლის რეზერვუარი რთული თემაა, ახლა ვერაფერს გეტყვით, ამ კონკრეტულ მომენტში წყლის რეზერვუართან არ არის ეს ღობეები შემხებლობაში, თუმცა დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, გაგრძელების შემთხვევაში, რა მიმართულებით გააგრძელებენ. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს ეს და არც წყლის რეზერვუარი და არც ადგილობრივების ბაღები იქნება თუ ნაკვეთები არ მოექცეს ამ სიმახინჯეების შიგნით, რომელსაც ისინი აწყობენ“, - განაცხადა ზვიადაძემ.

ზვიადაძე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა, რომ ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები არ ჩადიან, უსაფუძვლოს უწოდებს. 

„ის, რომ აქ სახელმწიფო უწყებებიდან არ ჩამოდიან, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფო უწყება წარმოდგენილია ადგილზე“, - განაცხადა ზვიადაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები