17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
კრიზისის პირისპირ დარჩენილი გლეხები - ხელისუფლებამ ყურძნის სუბსიდირებაზე უარი თქვა

კრიზისის პირისპირ დარჩენილი გლეხები - გლეხებმა ამ დრომდე არ იციან, როგორ ჩააბარებენ ყურძენს, როცა ქარხნებს ჯერ კიდევ შარშანდელი მოსავალი ვერ გაუყიდიათ. წელს ფერმერებს კრიზისთან ბრძოლა მარტო მოუწევთ, ხელისუფლებამ ყურძნის სუბსიდირებაზე უარი თქვა.

მოსავალს არ უჩივიან, თუმცა ყურძნის ფასი წლიდან წლამდე მცირდება. რთველის დაწყებამდე ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შარშანდელ ფასში დიდი ალბათობით ყურძენს ვეღარ გაყიდიან. წელს 1 კილო ყურძენი შესაძლოა მინიმუმ 10 თეთრით გაიაფდეს. დაბალი ფასი კი, გაუფასურებული ლარის ფონზე, მთელი წლის დანახარჯსაც ვერ დაფარავს.

ღია გზავნილი გლეხებს დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კრიზისი რთველის მიმდინარეობის პროცესში გარდაუვალი იქნება, მიზეზი ბევრი არ უძებნიათ, ის რომ წელს გლეხებს ყურძნის ჩაბარება გაურთულდებათ, 20 ივნისის და მის შემდგომ მოვლენებს უკავშირებენ.

სააგენტოში ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა რუსულ ბაზარს მიაყენა დარტყმა, რის გამოც, ქართული ღვინის იმპორტი გართულდა.

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, კახელი გლეხების მიმართ შურისძიება გადაწყვიტა, ამიტომ წელს უარი თქვეს სუბსიდიაზეც და ყურძნის ფასიც გაიაფდა.

კახეთში წელს 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ოფიციალური მონაცემებით, მოსავლის ექსპორტი 27%-ით არის შემცირებული. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები