სიცოცხლისთვის საშიში ტექნიკური საღებავები საკვებ პროდუქტებში - ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი Momkhmarebeli.ge აქვეყნებს. მედიასაშუალებამ ქართული წარმოების სხვადასხვა პროდუქტი შესამოწმებლად გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ ლაბორატორიაში გადააგზავნა. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 42 პროდუქტიდან 6 სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მომწამვლელ ნივთიერებას ძირითადად საკვები პროდუქტის წითელ ფერში გადასაღებად იყენებენ.
„ეს არის საღებავები, როლებიც არ არის განკუთვნილი საკვებად საერთოდ. აქედან გამომდინარე, ასეთი საღებავების საკვებში მოხვედრა წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს, ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას და გენების გადაგვარებას. ტექნიკური საღებავებია ეს, არა საკვები დანიშნულების. სხვა და სხვა , ვთქვათ, ნივთის შესაღებად შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ არა სურსათის. სურსათში ამ ჯგუფის საღებავები გამოიყენება წითელი ფერის მისაცემად და სწორედ აი, ეს სხვა და სხვა ტყემალი, საწებელი, აჯიკა და ა.შ. ავიღეთ,“- განაცხადა მედიაპორტალის წარმომადგენელმა, ვახტანგ კობალაძემ.
საღებავის მავნე შედეგებზე ექსპერტებიც საუბრობენ. სურსათის უვნებლობის ექსპერტის, ეთერ სარჯველაძის თქმით, აღნიშნული ნივთიერების მიღება ადამიანისთვის შესაძლოა მუტაციის გამომწვევი აღმოჩნდეს.
„გამოყენებულია ისეთი საღებავები, სინთეზური, ისეთი, რომელიც მუტაციების წარმოქმნას იწვევს. წამებით სიკვდილთან არის გათანაბრებული. ესე იგი, ის უცბად კი არ კლავს, არამედ, აი, მაგალითად, მიიღო ისეთი პროდუქტი, რომელიც იწვევს სისხლის გათეთრებას და ამ სისხლის გათეთრებით მერე მთელი ცხოვრება უნდა იტანჯოს,“- განაცხადა სარჯველაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ვარაუდობს, რომ მომწამვლელი ნივთიერებას შესაძლოა უცხოეთიდან იმპორტირებული წითელი წიწაკა შეიცავდეს. გიორგი მიქაძის თქმით, ამის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.