სირცხვილია! რუსეთი ოკუპანტია! ომი რუსეთმა დაიწყო! - ასეთი შინაარსის წერილები, ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეებმა ტელეკომპანია „იმედს“ ფოსტით გაუგზავნეს. საპროტესტო გზავნილებით, „იმედის“ ეთერით გასული ფილმი გააპროტესტეს, სადაც ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
აქციის მონაწილეები ტელევიზიისთვის მიწერილი წერილებით ამბობენ, რომ სირცხვილია კრემლის პროპაგანდის გამეორება და პუტინის გზავნილების გამეორება.
ფილმის ეთერში გასვლას მწვავე პროტესტი „იმედის“ თანამშრომლების მხრიდანაც მოჰყვა. კომპანიაში რომ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ამას „იმედის“ თანამშრომლების facebook პოსტებიც ადასტურებს. მწერალი პაატა შამუგია წერს, რომ ნიუსრუმი პარალიზებული იყო და არხის თანამშრომლების დიდი ნაწილი გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ლალიაშვილს დაუპირისპირდა. სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა უავტოროდ გასული ფილმის მომზადებაზე.
საქართველომ წარმატებით მოახერხა რუსეთის პროვოცირება და მშვიდობისმყოფელი პუტინი იძულებული გახდა შემოჭრილიყო - ასე გაიგო ფილმი რუსთაველის გამზირზე მიმდინარეო ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა, რამაც ის ძალიან აღაშფოთა. მისი აზრით, ფილმი აშკარად და ცალმხრივად რუსეთისთვის სასარგებლო გზავნილების პროპაგანდას ეწევა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ფილმის მთავარ ხაზს, თითქოს მან ომი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა. ფილმის მთავარ მიზნად კი ის პუტინის ზრახვებს ასახელებს, რომ საერთაშორისო სასამართლოში გამტყუნდეს საქართველო და მოხდეს შიდა ქართლის ანექსია.
„ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ - ამ სათაურით და ავტორის გარეშე ფილმი „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.