17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - ქართველი მეცნიერი ამბობს, რომ სოფელი ოკუპანტებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს 

პროფესორი, არინა თავაქარაშვილი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ, გაეროსა და ევროსაბჭოს გუგუტიანთკარის მონიტორინგში ეხმარებოდა, ყვება, რომ მცოცავი ოკუპაცია სოფელში 2014 წლიდან დაიწყო. ამ დღეებში კი საგანგაშო მასშტაბს მიაღწია.

ქართველი მეცნიერი და ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტისთვის ეს სოფელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და უკანონო ბორდერიზაციით პოზიციები გაიუმჯობესა. სოფელი ოკუპანტს ტერიტორიების უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს.   

პროფესორი არინა თავაქარაშვილი გუგუტიანთკარში ბოლოს, გასულ წელს იყო, რათა ნაომარი სახლების შესახებ ფოტომასალა შეეგროვებინა.  დღეს ეს სახლები საოკუპაციო ღობეებს მიღმა დახვდა. მისი განცხადებით, ოკუპანტის გეგმებს ნათელს ხდის ისიც, რომ ეს არის სოფელი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ავტონომიური ოლქის ტერიტორიას არასოდეს ეკუთვნოდა.

არინა თავაქარაშვილი შიშობს, რომ ოკუპანტის მიერ ბორდერიზაციის გეგმა გუგუტიანთკარში არ დასრულდება. ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივების ნაწილი ღიად ამბობს, რომ მიუხედავად ქართული პოლიციის მობილიზაციისა, თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

ადგილობრივების ნაწილი დარწმუნებულია, რომ გუგუტიანთკარში ცხოვრება მათთვის კიდევ უფრო გართულდება. სამოქალაქო აქტივისტი, პროფესორი არინა თავაქარაშვილი არ გამორიცხავს, რომ დამძიმებული სოციალური მდგომარეობისა და გამძაფრებული შიშის გამო, ადგილობრივებმა სოფლის დატოვებაც დაიწყონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები