ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა - ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს. სოციალურ ქსელში გვარამია წერს, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი თავადაა.
გვარამია რეესტრიდან ამონაწერსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არხის 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამია, ხოლო 49%-ის მფლობელი კახაბერ ნიჟარაძე იქნება. ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი არიან. ხოლო ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე.
"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.
წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.
მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ,"-წერს გვარამია.