გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.
სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. ისინი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.
„ეგ შვილო არის მოწყობილი ან ჩვენი ხალხისგან, ან არ ვიცი. იქ ხლართები გავლებული იყო, მეორედ რატომ ავლებენ? რუსეთმა თუ უნდა აქ გაიაროს, ვინ გასცემს ხმას? აი, ვინ? ვინ დაუდგება წინ? ცხინვალი არის აქეთ, ლენინგორი არის აქეთ, ჩვენ ვართ ზევით. ჩვენ რუსეთს დაკავებული ვყავართ მთლიანად. თუ არ მიაქციეს ყურადღება აუცილებლად დარჩება ასი ჰექტარი ჩვენი ზევით.
გორის მერი ნორმალურია ახლა? დასვენების დრო არის ამ უბედურებაში? რაც ავირჩიეთ თვალი არ მომიკრავს.
ომი რომ დაიწყო, ფეხი არ მომიცვლია, აქ იყო გამწკრივებული ჯარი აქეთ და იქეთ, მაგრამ არ შევუშინდი და აქ ვიყავი,"-ამბობს სარდიონ გუგუტიშვილი.
გუგუტიანთკარში რუსი ჯარისკაცების გამოჩენიდან უკვე 11 დღე გავიდა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა გორის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაში იმყოფება და დასვენების დასრულების შემდეგ გეგმავს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას.
გუგუტიანთკარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერის თანამდებობაზე აირჩიეს, ის სოფელში აღარავის უნახავს.
„ აბა ეგა ნორმალური? სწორია მაგას რომ იძახის? სად შვებულებაშია, ახლა დასვენების დრო არის? რაც ავირჩიეთ იმის შემდეგ აღარ მინახავს. ომი რომ დაიწყო, მე აქედან ფეხი არ მომიცვლია. ჩამწკრივებული იყო ჯარი აქეთ და იქით, მაგრამ არ შევუშინდი, აქ ვიყავი,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.