გუგუტიანთკარელები ოკუპაციის გაგრძელების მოლოდინში არიან. ადგილობრივები, რომელთა სახლებიც გუშინ გავლებული მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა, საცხოვრებელს საკუთარი ხელით შლიან. დანარჩენებს ე.წ. საზღვრის ამსახველი ბანერებიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებთ.
საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა წყლის რეზერვუარიც, რომლიდანაც სოფელი მარაგდება. ადგილობრივების ნაწილი მედიასთან კონტაქტს ერიდება. პირად საუბრებში გგუტიანთკარელები ამბობენ, რომ მათ გაჩუმება ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, სანაცვლოდ კი დახმარებას დაჰპირდნენ.
თუმცა დღეს სოფელში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
„ისეთ ძალის წინაშე ვდგავართ, რომ ვერ დაუწყებ ომს. მაგათი პოლიტიკა არის ფაშისტური და როდის რა მოუვათ თავში ვერ გეტყვით. გამოსავალი საქართველოს გაერთიანებაში, ჩვენს მენტალიტეტშია. სულ ყველამ რომ ერთ მხარეს გაიხედოს და დაინახოს ეს მტერი. საქართველომ დაიწყო ომი და ა.შ. ეს არ არის სწორი. რომც დაეწყო მაინც არ უნდა ვთქვათ,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფლის მცხოვრებლების ის ნაწილი კი ვინც ჟურნალისტებს და კამერებს არ გაურბის, მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბედით უკვე დიდი ხანია აღარავინ დაინტერესებულა. ისინი ეჭვობენ, რომ ოკუპაცია გაგრძელდება და რუსი ჯარისკაცების კონტროლქვეშ, დანარჩენი სოფელიც მალე მოექცევა.
„საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე, მეტი არაფერი. იმიტომ, რომ მთავრობა უნდა ყოფილიყო თავიდანვე მობილიზებული, ყოფილიყო აქ და ეს ამბავი არ მოხდებოდა. პირადად მე და ჩვენი სოფელი ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. არის უყურადღებობა და ხალხის აბუჩად აგდება.
გორის მერი შვებულებაში იქნება, ბევრი საქმე გააკეთა და ხომ უნდა დაისვენოს. რომ მუშაობს მაშინაც ხომ არაფერს აკეთებს და ისვენებს და ახლაც დაისვენოს. არც გორის მერს გაუკეთებია არაფერი, არც საკრებულოს გაუკეთებია, არც გუბერნატორს გაუკეთებია, არავის საერთოდ, ვართ უყურადღებოდ ღმერთის იმედად.
ეს ოკუპაცია ყველა ვარიანტში, ამ მთავრობის ხელში გაგრძელდება, აგერ ნახავთ ,“-ამბობს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები გიორგი გნოლაძე.