17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ონლაინ მედიის წარმომადგენლები შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

ონლაინ მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, საგანგებო განცხადება, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

წერილში ნათქვამია, რომ ონლაინ მედიის მედიის წარმომადგენლებს, გუგუტიანთკარში, 16 აგვისტოს, როდესაც ადგილზე დიპ კორპუსი ჩავიდა, მუშაობის საშუალება არ მისცეს.

„16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. 

ტერიტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა" - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭო ონლაინ მედიის მიმართ შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას.

ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ქარტია მოუწოდებს სამთავრობო უწყებებს, უზრუნველყონ ყველა მედიისთვის თანაბარი პირობები და მედია საშუალებებს მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება.  

„ჩვენი შეფასებით, ეს არის დისკრიმანციული მიდგომა ონლაინ მედიისადმი. ისინი, ისევე როგორც სხვა მედია საშუალებები, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და არ შეიძლება მათი დისკრიმინაცია მხოლოდ იმიტომ რომ ისინი სხვა პლატფორმით ავრცელებენ ინფორმაციას. ჩვენი შეფასებით, აუცილებელია, რომ ყველა ჟურნალისტს ჰქონდეს თანაბარი სამუშაო პირობები. ამიტომ მივმართავთ ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა სამთავრობო უწყებებს, რომ შექმნან აკრედიტაციის ერთიანი წესი. ეს პროცედურები უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე და ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გააშუქოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამბები“ - აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილი.

დისკრიმინაციაზე საუბრობს ”ნეტგაზეთის” რედაქტორი, თამაზ კუპრეიშვილიც

„თუ ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს, მაშინ რატომ ონლაინ მედია და ესე ჟანრობრივად რატომ გამოყო. ეს სრულიად გაუგებარია. ჩვენც ვართ მედიასაშუალება, 21-ე საუკუნეა, ონლაინ მედიის წილი ბაზარზე იზრდება. ეს გვაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ეს არის პირველი შემთხვევა“ - აცხადებს თამაზ კუპრეიშვილი. 

დღის ამბები