გუგუტიანთკარში 6-საათიანი მუშაობის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. შეიარაღებულმა, ნიღბიანმა ჯარისკაცებმა, საინჟინრო ტექნიკით რკინის კონსტრუქციები დაამონატაჟეს, სადაც ახალ რუსულ მავთულხლართებს და ბადეებს გაავლებენ. სამშენებლო მასალა და რკინის ბოძები ოკუპანტებმა სატვირთო მანქანებით დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მიიტანეს.
ადგილობრივების ნაწილი მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების გამო, მათთვის სოფელში ცხოვრება, უსაფრთხოების კუთხით გართულდება.
ადგილობრივების თქმით, ისინი არ არიან დარწმუნებულები, რომ მათი სახლები და ბაღები ე.წ. საზღვრის მიღმა არ აღმოჩნდება.
„თუ გადმოიწიეს იმ დონემდე, რომ ბაღები ჩამოგვართვან და შემოიჭრნენ, რა თქმა უნდა გართულდება. არაფერი არ არის გამოსარიცხი ახლა, გასაკვირიც არაფერი არ არის, ყველაფერი მოსალოდნელია,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გუგუტიანთკარში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გორის საკრებულოს თავმჯდომარე.
დავით რაზმაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სარწყავი სისტემა, რომლითაც სოფელი მარაგდება, არ მოექცეს მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს საკითხი, ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
„ის მოსახლეობა, რომელიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაზარალდა, უკვე დაწყებულია ეს პროცესები, უნდა მოხდეს აუცილებლად იმ ზარალის ანაზღაურებაც, იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც აქამდეც არსებობდა, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ბევრი რაღაც არ იყო ჩვენამდე მოსული. ეს იქნება ამ შემთხვევაში, ძალიან მცირე გამოსავალი და მომავალში კიდევ უნდა ვეცადოთ ისევ და ისევ, რომ შევძლოთ დაცვა. მიდის მუშაობა, რომ ეს სარწყავი არხი კონტროლირებადი იყოს ჩვენს მიერ, ანუ საქართველოს ხელისუფლების მიერ. მიდის ამაზე მუშაობა და არის ვერსია იმის, რომ ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა დავით რაზმაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.
ადგილობრივებმა, რომელთა სახლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მათ თვალწინ მიიტაცეს, საცხოვრებელი საკუთარი ხელით, აგურ-აგურ დაშალეს და სამშენებლო მასალა გამოიტანეს.