მმართველ გუნდში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი მმართველობის რუსულ სტილს ამკვიდრებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, დარწმუნებულია, რომ ბიძინა გეგიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, სწორედ მისმა კრიტიკულმა განცხადებებმა გამოიწვია.
მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პარტიაში დაწყებული ამბოხი, სათავეშივე ჩაახშოს.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ნებისმიერი ოპონენტის დაბარება დაკითხვა, დაპატიმრება და მათ შორის, რა თქმა უნდა, მან დაიწყო „ქართული ოცნების“ შიგნით ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის წარმოება იმიტომ რომ, ეს რომ არ აკეთოს ივანიშვილმა ატყობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ უდიდესი უკმაყოფილების ტალღა არის აზვირთებული, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს საზოგადოებისთვის, ამიტომ თავის დროზე ცდილობს ჩაახშოს ეს მეამბოხე დეპუტატები, არ იყო მარტივი ბატონი გეგიძისთვის და“ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ხმა არ მიეცათ ჩემთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის, მაშინ როცა წინა დღით პოლიტსაბჭოს სხდომაზე ხელი ურახუნა ივანიშვილმა, ყველას კატეგორიულად მოსთხოვა, ვინც ხმას არ მისცემთ ყველას გაგყრითო. ამის შემდეგ, რასაც ვაკვირდები ბატონი, ბიძინა გეგიძე აქტიურად ასევე ითხოვს გახარიას გადადგომას, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ნორმალური მოქალაქე, ეს ყველაფერი საკმარისია, რომ დევნა დაიწყოს გეგიძის,“-ამბობს ნიკა მელია.
პარტია ”სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ძნელია არ დაინახო ის, როგორ ხდება საეჭვო რეპრესიული "დამთხვევები" მმართველი გუნდის ღიად გამოხატული კრიტიკული პოზიციის შემდეგ.
ბესელია დარწმუნებულია, რომ გეგიძის წინააღმდეგ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.
„ის რომ ხარ მმართველ გუნდში და გაქვს განსხვავებული პოზიცია,რაც ღიად არის გამოხატული, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული. უცნაურია, ვერ დაინახო ბმა ამ განსხვავებულ პოზიციასა და ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიების გააქტიურებასა და დაბარებასთან. რატომ ახლა და ამდენი ხნის შემდეგ? 2016 წელს აირჩიეს გეგიძე პარლამენტში, თუ რამე საქმე იყო იქამდე შეიძლებოდა გარკვევა. არ ხდება ამდენი შემთხვევითობა, ასე როგორ ხდება, რომ როცა კრიტიკული პოზიცია გვაქვს, მაშინ ემთხვევა რეპრესიული ნაბიჯები და ეს დამთხვევები არის პოლიტიკური ქოლგისა და დღის წესრიგის ქვეშ მოჭრილი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი თვლის, რომ გეგიძის წინააღმდეგ ივანიშვილს განაწყენების არაერთი მიზეზი ჰქონდა, ყველაზე მეტად კი ის, რომ 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ გეგიძემ შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაერთი განცხადება გააკეთა და მის გადადგომას მხარდაჭერა გამოუცხადა.
"რუსეთის მსგავსი საზოგადოების შექმნა სურს ივანიშვილს, როგორც კი ვინმე არ ეთანხმება, მაშინვე ამუშავდება პროკურატურა, თუ სხვა სტრუქტურები ასეთი ადამიანის წინააღმდეგ,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე, დაახლოებით, საათნახევარია, რაც იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.