18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელი ოძისში ჩავიდა. შტაინმაიეირი ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

შტაინაიმერს ევროკავშირის მონიტორები ოფიციალური პრეზენტაციით დახვდნენ და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარებას აცნობენ.

გარდა ამისა, გერმანიის პრეზიდენტს მიეცა საშუალება სპეციალური აღჭურვილობით, საკუთარი თვალით ენახა რუსული ბაზა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.

გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გუშინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებლად ეწვეოდა საოკუპაციო ხაზს, რადგან სურდა პირადად გაცნობოდა არსებულ ვითარებას.

მან პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა, რომ საქართველოს გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს და იზიარებს იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს ძალიან რთულ სამეზობლოში არსებობა უწევს და უსაფრთხოების კუთხით უამრავი გამოწვევა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

დღის ამბები