18 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
წარწერა "მე დავბრუნდები" მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით - კიბერშეტევა პრეზიდენტისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების ვებსაიტებზე

წარწერა "მე დავბრუნდები" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით - მსგავსი ტიპის ფოტოსურათი კიბერშეტევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და რამდენიმე არასამთავრობო, ასევე მედიაორგანიზაციის ვებსაიტებზე გამოჩნდა. 

კიბერშეტევით პარალიზებულია ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური ვებგვერდები.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მას კიბერშეტევის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ასე უპასუხა: "არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, სახელმწიფო უწყებები დაცულია".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ კიბერშეტევის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაიგო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის განცხადებით, გამოძიება 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ნიშნავს.

როგორც ცნობილი ხდება, იმერეთის მასშტაბით კიბერშეტევა სამ მუნიციპალიტეტზე განხორციელდა. როგორც "კურიერის" ჟურნალისტს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ოფიციალური საიტი ქუთაისში, საჩხერესა და ვანში იყო გათიშული. სამივე საიტზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია ქუთაისსა და საჩხერეში. ადგილობრივ დონეზე კომენტარი არ კეთდება.

დღის ამბები