18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"არიან ძალები, ვისაც ძალიან აინტერესებს, რომ მამალაძე იყოს ციხეში" - მამა ანდრია ჯაღმაიძე 

ხმაურიანი სხდომის შემდეგ საპატრიარქოში შეხვედრები გრძელდება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საეკლესიო კრების განჩინებასა და მის შედეგებზე მსჯელობენ. საპატრიარქოდან გამოსულ წმინდა სინოდის წევრებს გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურთ. უკვე მეორე დღეა, საპატრიარქო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

იქ დილიდან მიდიან მაღალი თანამდებობის პირებიც, მათ შორის, პატრიარქთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. გიორგი გახარია ილია მეორეს დილით შეხვდა, საუბრის მთავარი თემა ქართულ ეკლესიაში არსებული კრიზისი და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იყო.

სასულიერო პირები დღეს საზოგადოებასთან დუმილს ამჯობინებენ და ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათ შორის იყო მეუფე იაკობი, რომელმაც საპატრიარქო ავტომობილით დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც დღეს მედიას შეხვდა, მამა ანდრია ჯაღმაიძე იყო, რომელმაც სინოდის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებები გააკეთა. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია გაიმართება თუ არა კიდევ ერთი სინოდის სხდომა, სადაც მეუფე პეტრეს საკითხზე მსჯელობა განახლდება. თუმცა დეკანოზმა ისიც აღნიშნა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით მას მღვდელმსახურება მხოლოდ დროებით შეუჩერდა.

იმსჯელებენ თუ არა სინოდის წევრები მეუფის მსახურების განყენების საკითხთან დაკავშირებით, მისთვის უცნობია. მამა ანდრია აკეთებს კომენტარს მეუფე იაკობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობმა ილია მეორეს შენდობა მის მიერ გაკეთებული განცხადების ფორმასთან დაკავშირებით სთხოვა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სინოდის შეკრებას პატრიარქი განსაზღვრავს. მამა ანდრია ჯაღმაიძის აზრით, მეუფე იაკობის განცხადება ეკლესიის ირგვლივ ძალიან ინტენსიურად იქნა გამოყენებული და ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისათვის იყენებდა ამ შემთხვევას. დეკანოზის თქმით, არიან ძალები, ვისაც ძალიან აინტერესებს, რომ გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩეს და საპატრიარქოს მუდმივად უხდებოდეს ამ თემაზე საუბარი.

დღის ამბები