ვინ იმსჯელებს პატიმრების შეწყალებაზე, კომისია თუ ისევ პრეზიდენტი - ფორმა და პროცედურები კვლავ განხილვის მთავარი თემაა.
ოპოზიცია და ექსპერტები პირველ რიგში, პრეზიდენტს მორატორიუმის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, მოგვიანებით კი შეწყალების კომისია გამჭვირვალედ დაკომპლექტებას ითხოვენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია ფიქრობს, რომ კონსტიტუციური ტრადიცია არ უნდა დაირღვეს რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რომელიც აქამდე არსებობდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში განისაზღვროს მიზნები რა არის კონკრეტულად შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების მიზნები, რათა შეიქმნას სწორი მოლოდინები, რა ხდება სტანდარტული შეწყალების დროს, რა არის განსაკუთრებული შემთხვევები. შეწყალებისას ძალიან მნიშვნელოვანია ის კონსტიტუციური ტრადიცია, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში ვგულისხმობ კომისიურ მუშაობას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს მკაფიო კრიტერიუმები კომისიის შექმნის ანუ ვინ შექმნის, ვინ შედის ამ კომისიაში, რა წესებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილებები,"- ამბობს კოტე ჩოკორაია.