კიდევ ერთი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტში ამჯერად "ევროპული საქართველო" დააყენებს. საქმე ეხება 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე შეწყალების სკანდალურ სიას და სალომე ზურაბიშვილის, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა პირების სამსახურეობრივ სავარაუდო გადაცდომას.
საპარლამენტო უმცირესობა უკმაყოფილოა პროკურატურის საქმის შესწავლით და ითხოვს, რომ ამ პროცესის გამჭვირვალობაში მნიშვნელოვანი როლი პარლამენტს ჰქონდეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტურია და ფორმალურია, შესაბამისად "ევროპული საქართველოს" წევრები მოითხოვენ, რომ პარალმენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და სწორედ ამ კომისიის ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, მათ შორის იმასაც. იკვეთება თუ არა კორუფციული სქემა და მონაწილეობდნენ თუ არა მასში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და თავად სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, "ქართული ოცნების" წევრები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამჯერადაც ვერ ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტი საგამოძიებო უწყებად და პროკურატურად არ უნდა გადაიქცეს.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ თემაზე დასმულმა კითხვამ ხუმრობის ხასიათზეც დააყენა. ანრი ოხანაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ყოველ ზღვარს სცდება და მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" რაციონალურობასთან დაკავშირებით პროექტის წამოწევაა შესაძლებელი. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტში არ გრძნობენ თავს და სერიოზულობის ფარგლებს გაცდნენ.
"გასაოცარია ივანიშვილმა ამდენი ასეთი დახვეწილი იუმორის ადამიანი როგორ იპოვა ერთად ერთ პოლიტიკურ გუნდში, ეს ბატონი ივანიშვილის საოცარ იუმორზე მეტყველებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი. გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავარი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ერთ წელიწადში იქნება არჩევნებზე სადაც მისი თქმით "ივანიშვილის ყველა მარიონეტს" თავის განაჩენს ამომრჩეველი საზოგადოების მსგავსი დაცინვისთვის გამოუტანს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მოსაზრებით, არანაირი შემდგომი ნაბიჯები არ გადადგმულა, არ დაკითხულა პრეზიდენტი. რომან გოცირიძის თქმით, უკვე ნათელია, რომ ამ შესაძლო დანაშაულის გამოძიებას უკვე არავინ აპირებს და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი რჩება, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.