იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოთხოვნას, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკა მოჰყვა. პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები "საკუთარ მოვალეობას ასრულებენ".
"ისინი ასრულებენ თავის მოვალეობას, იმას აკეთებენ, რასაც უნდა აკეთებდეს საბჭოს წევრი, რომელიც ხედავს, რამდენად სახიფათო ტენდენციებს აქვს ადგილი და როგორ ანგრევს მართლმსაჯულების ნდობის და ავტორიტეტს თავად იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები," - აცხადებს ეკა ბესელია.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი მოთხოვნას" "აღვირახსნილობას და თვითნებობას" უწოდებს.
"ასეთი აღვირახსნილი თვითნებობა, რასთანაც გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ ფუნდამენტური რეფორმა უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგ" - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
რომან გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანის მხრიდან დამოუკიდებელ წევრზე შურისძიებას უწოდებს რომან გოცირიძე ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროგნოზირება ძნელია.
"ეს არის იუსტიციის საბჭოს ამ კლანის შემადგენელი წევრების შურისძიება იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ წევრზე," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა ამ საკითხის დაყენება და მისი პრეროგატივაა.
"საბჭომ აღნიშნული საკითხი ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ დაეყენებინა დღის წესრიგში, ეს არის პრეროგატივა, რასაკვირველია, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ადრესატი მიმართვის, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით მონიჭებული გადანაწილების პრინციპი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.