18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
დაიწყებს თუ არა პროკურატურა სასულიერო პირების განცხადებებზე გამოძიებას - ოპოზიციაში ომბუდსმენის მოთხოვნას იზიარებენ

სახალხო დამცველის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

ნინო ლომჯარიას მსგავსად, გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მსგავსი ტიპის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება იწყება და შესაბამისის პირების პასუხისგებლობა დგება. თუმცა, სერგი კაპანაძეს არ აქვს იმედი, რომ ბრალდებებს რეაგირება მოყვება.   

"ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურის ინსტრუმენტალიზაცია ხდებოდა იგივე ციანიდის საქმეზე და სხვა მნიშვნელოვან გახმაურებულ საქმეზე. ამიტომ, რამდენად მოყვება ამას რეაგირება, მე დარწმუნებული არ ვარ. ნორმალურ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ასეთი ბრალდებები იქნებოდა გამოძიებული,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დიალოგის ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელშიც მთავარი როლი კულტურის სამინისტრომ უნდა ითამაშოს.

"გამოძიება არ ვიცი, მაგრამ მოწოდება სწორია. ამას ჩვენც მოვუწოდებთ. მიუხედავად იმისა, რაოდენ რადიკალურიც არ უნდა იყოს განსხვავებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, ჩვენ მთავარია ცივილიზებულად მივუდგეთ პრობლემებს,“ - აცხადებს რომან კაკულია.

 

 

დღის ამბები