18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
20 კაციან სიაში 15 მოსამართლე უსამართლობას ქმნიდა - ბესელია უვადო მოსამართლეების სიის წინააღმდეგ

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

მისი თქმით, ბრიფინგის 7 ნოემბერს გამართვა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თანაგუნდელებთან ერთად მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებიც  სიაში სწორედ იმ ნიშნით მოხვდნენ, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და არა მართლმსაჯულებას.

"სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო კონტროლი არ არსებობდა, თავის დროზე ის სისტემა და რეჟიმი იყო ძალადობრივი. მთავარი შემაკავებელი და გარანტი, რომ ადამიანები იყვნენ დაცული, არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო.

დღეს დავდექით ისევ საფრთხის წინაშე  სწორედ იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 6 მაისს თუ სხვა ტიპის ძალადობრივ თარიღებს აკანონებდნენ და წინა რეჟიმს მათი ლეგიტიმაციის საშუალებას აძლევდნენ. ეს რომ არ განმეორდეს და არ იყოს ახალი 7 ნოემბერი, ახალი დარბევები და ახალი დაზარალებულები არ გაჩნდნენ, ამიტომ გვჭირდება მობილიზება," - განაცხადა ეკა ბესელიამ

ბესელიას თქმით, 20-კაციანი სიიდან 15 არის მოსამართლე, რომელიც სისტემას აძლიერებდა და  წინა ხელისუფლების დროს უსამართლობას ქმნიდა.

"ეს ადამიანები შეირჩნენ ლოიალობის და წარსულში ამ დავალებების შესრულების ნიშნით,"- აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ, რომ ამ მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნის საშუალება არ მიეცეთ.

დღის ამბები