18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"პროტესტის მწვავე ფორმებზე საკონსულტაციო საბჭოში შეთანხმება არსებობს" - დავით უსუფაშვილი

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, პროტესტის მწვავე ფორმებზე საკონსულტაციო საბჭოში შეთანხმება არსებობს. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

"კონსენსუსი არა, მაგრამ შეთანხმება არსებობდა, საკონსულტაციო საბჭოში 30-ზე მეტი პარტია და ჯგუფია და შეუძლებელია ყველა საკითხზე აბსოლუტური ერთიანობა იყოს. მე კონკრეტულად აქციის სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე განსხვავებული მოსაზრებები მქონდა და მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები კეთილგონივრულად მოეპყრობიან ამ საკითხს და ეს იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციური და ეფექტური ინსტრუმენტი. ჩემი თანხმობა აქვთ ჩემს კოლეგებს, რომ მწვავე პროტესტის მშვიდობიანი ფორმები კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გამოყენებული იქნეს ისე, როგორც ჩაითვლება ეფექტურად და მიზანშეწონილად. რატომ? იმიტომ, რომ მე პარალელურად დაკავებული ვარ სხვა საქმეებით, რომელშიც შეიძლება მე ვიყო უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირების მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სწორედ სახელმწიფო დაწესებულებიდან - პარლამენტიდან მოხდა საზოგადოების უპრეცედენტო შეურაცხყოფა, ასეთი პროტესტი ჩვეულებრივი მოვლენაა. უსუფაშვილმა 2009 წლის მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც ის "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში იყო და მას და სხვა ოპოზიციონერებს არაერთი სახელმწიფო დაწესებულება თუ ქუჩა ქონდათ პიკეტირებული და პარალიზებული.

"სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნაა, ამასობაში ამ სახელმწიფო დაწესებულების ფუნქციონირებას ის დატვირთვა აქვს, რომ საზოგადოება ფუნქციონირებდეს ნორმალურად და შეუფერხებლად, ჩვენ 3-4 დღის წინ სახელმწიფო დაწესებულებიდან მივიღეთ საზოგადოების შეურაცხყოფის უპრეცედენტო მაგალითი, ამიტომ მოქალაქეების მწვავე პროტესტი, გამოხატული იმ ფორმებში, რომელიც ზოგადად, შეიძლება ვერ და არ ჯდება ყოველდღიური ცხოვრების ნორმაში, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოშიც. მინდა შევახსენო ყველას, იმ სისხლიანი 9 წლის რეჟიმის განმავლობაში, 2009 წელს მეც და ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, მაშინდელ ოპოზიციას, 3 თვის განმავლობაში გვქონდა ბლოკირებული, პიკეტირებული და პარალიზებული პარლამენტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაც, რუსთაველიც, საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ქუჩებიც და ა,შ. კანონმდებლობა და კონსტიტუცია ერთი და იგივე გვქონდა მაშინაც და დღესაც. დღეს ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს გამოსავალზე და ჩვენ პროტესტთან ერთად შევთავაზეთ გამოსავალიც გერმანული მოდელის სახით," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, აქციების ფორმებს შერჩევა მის მიერ არ ხდება, თუმცა მას თანხმობა აქვს მიცემული საკონსულტაციო საბჭოსთვის. მისი განცხადებით, ის ძირითადად მოთხოვნების დასაბუთებულობაზე მუშაობს.

"​მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოსავალი ვეძებოთ და არა ის, ვინ უფრო მაღალ ბარიკადს ააგებს და ვინ ვის გამოიჭერს. ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, უნდა შევთანხმდეთ და არ უნდა შევასკდეთ. მე ამ შეთანხმების ფორმულების ძიებაში და მოპოვების მცდელობაში ვარ," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და არა მარტო თბილისში. ხვალ ის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები 6 საათზე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

დღის ამბები