პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა, არჩევნებია.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ამ კვლევის მიხედვით, საუკეთესო ათეულში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია და მისთვის გაუგებარია, რატომ არ, ან ვერ აღწევენ ეს პოლიტიკოსები, არჩევნებში წარმატებას.
ასევე, თალაკვაძისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ შედეგების მეორე დღეს გამოქვეყნება, როცა გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, თუ ეს კვლევა, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის კენჭისყრამდე გამოქვეყნდებოდა.
"საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევაა არჩევნები. ჩვენ, ყველაზე მეტად ვენდობით მოქალაქეებს და მათ არჩევანს. 2020 წელს რა არჩევანსაც გააკეთებენ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენ ვენდობით და მივიღებთ ამ არჩევანს. რაც შეეხება IRI-ს, კვლევას თუ დავუჯერებთ, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან. და თუ სჯერათ ამ კვლევის და მართლაც აქვთ ამხელა მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები, მაგალითად მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. თუ კვლევის შედეგებს დავუჯერებთ, მათ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება წარსულშიც და მომავალშიც გარანტირებული უნდა ჰქონოდათ. ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩება, რა მიზანს ემსახურება ამ შედეგების გამოქვეყნება დემონსტრაციის მეორე დღეს. გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ეს გამოექვეყნებინა კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს, უფრო მეტად წაადგებოდა პოლიტიკურ პროცესს,"- აღნიშნა თალაკვაძემ.
IRI-ის კვლევა დღეს გამოქვეყნდა, კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და 1500 ადამიანი გამოიკითხა. IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 23 % მისცემდა ხმას, ოპოზიციური პარტიების საერთო ჯამი კი მმართველი გუნდის პროცენტულ მაჩვენებელს უსწრებს. რაც შეეხება პოლიტიკოსების პირად რეიტინგებს ათეულში მმართველი გუნდიდან მხოლოდ კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი მოხვდნენ, დანარჩენ 7 ადგილს კი ოპოზიციის წარმომადგენლები იკავებენ: დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.