21 დეკემბერი 2024,   16:34
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ტყუილი - დე ფაქტო ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს აგვისტოს ომში მონაწილეობას აბრალებს

საოკუპაციო რეჟიმის ტყუილი - დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართველ ექიმს, რომელიც უკვე მეათე დღეა უკანონო პატიმრობაში ჰყავთ, აგვისტოს ომში მონაწილეობას აბრალებს.

ფაქტები კი სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს. 2008 წლის ომის დროს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილებს თბილისში, 24 საათიან რეჟიმში მკურნალობდა, მათ შორის კი, იყვნენ ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავები.

ქართველი ექიმის უკანონო დაკავებიდან მეათე დღეს ცხინვალის დე ფაქტო მთვარობამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ექიმის კოლეგა ლევან ნაჭყებია და ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ გაფრინდაშვილს სამხედრო ექიმად არასდროს უმუშავია. 

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის გათავისუფლების საკითხი დღეს ცხინვალში ჩასულმა ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებმაც დააყენეს. მანამდე კი ვაჟა გაფრინდაშვილი წითელი ჯვრის მისიამ მოინახულა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფმა ექიმმა ოჯახთან კომუნიკაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლების საშუალებით შეძლო. ვაჟა გაფრინდაშვილის შვილისთვის მამის მიერ ცხინვალის საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი ემოციური აღმოჩნდა. ამბობს, რომ მიუხედავად უკანონო პატიმრობისა ექიმი მორალურ სიმტკიცეს ინარჩუნებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, უკვე მეორე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით "თეთრხალათიანების" აქციები იმართება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-იც შეუერთდა. თავისუფლება ვაჟა ექიმს - ეს მოწოდება საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა ყველა რეგიონში ისმის. 

საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ხელისუფლება ექიმის ტყვეობიდან დასახსნელად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს პაციენტის დასახმარებლად ოკუპირებულ ახალგორში გადასვლის მცდელობის დროს დააკავეს. გაფრინდაშვილთან ერთად ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქეც გაიტაცეს, თუმცა ისინი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ცნობილი ექიმი კი პატიმრობაში ე.წ. საოკუპაციო ხაზის არაღიარების გამო დატოვეს. ტრავმატოლოგი უკვე მეათე დღეა დე ცხინვალის ტყვეობაში რჩება.

დღის ამბები