18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ყოფილი ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს იმ დეპუტატებს დაუკავშირებს, რომლებმაც უმრავლესობა საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს.

"ერთადერთი ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს არიან ის ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება.ყველა ადამიანი ვისთანაც გვაქვს საუბარი არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი და მე ვფიქრობ, რომ ამ ფრაქციაში თუ ის შეიქმნება და იმედი მაქვს რომ შეიქმნება, იქნება ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

უმრავლესობიდან წასული დეპუტატების შეკრებას და ძირითად პრინციპებზე ჩამოყალიბებას ელოდება დიმიტრი ცქიტიშვილი:

"ლოგიკურია რომ ფრაქცია შეიქმნას, ვფიქრობ რომ არის ამის რესურსი, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის გვჭირდება, რომ ყველა შევიკრიბოთ, დავილაპარაკოთ და ჩამოვყალიბდეთ იმ რამდენიმე პრინციპზე, რომლის ირგვლივაც ვერთიანდებით," -აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არიან თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში და ა.შ.

დღის ამბები