დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელ "ქართული ოცნების" ლიდერები არ იზიარებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მაჟორიტარების ინიციატივას უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, შესაბამისად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება ტექნიკურად მარტივი არ იქნება.
"ვინც ამბობს და ამ მოსაზრებას ავითარებს, რომ მთლიანად მაჟორიტარული კარგია, ამერიკული, ფრანგული თუ ბრიტანული მოდელი, მათ სჭირდებათ უკვე ჩვენი მხარდაჭერა და ამიტომ, ტექნიკურად შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მარტივად გატანა. მე დღეს შეიძლება ზედმეტად გულწრფელიც ვარ, მაგრამ გუშინ საყვედურებიც კი მივიღე მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომ ცოტა აგდებულად ვეკიდებოდი ამ ინიციატივას, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საშუალება არსებობისა,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.