თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გამწესდა. შესაბამისად, საქალაქოს სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტი უკვე ვაკანტურია. ჯამში საბჭომ საერთო სასამართლოებში ვაკანტურ თანამდებობზე გადასვლის მსურველ თორმეტ მოსამართლეს უყარა კენჭი. კანონით, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სასურველი პოზიცია კონკურსის გარეშე დაეკავებინათ. მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს.
"ვულოცავ ჩემს კოლეგებს წარმატებებს ვუსურვებ მათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ვასილ მშვენიერაძე გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან ვაკანტური იქნება სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა, ჩვენ ვიწყებთ პროცედურებს იმისათვის, რომ შეირჩეს ახალი თავმჯდომარე," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სისტემაში უბრალოდ გადაადგილებები ხდება და არსობრივად არაფერი იცვლება:
"როგორც ჩანს არც მიქაუტაძემ და არც მისმა კოლეგებმა არ იციან, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ერთ მოსამართლეს გადაიყვან მეორეში თუ მეორეს მესამეში, სისტემაში უბრალოდ ამით მიდის გადაადგილება და ვაკანსიები ნომინალურად რჩება იგივე რაოდენობის. ამით უნდათ, რომ ვაკანსიები შეავსონ, ერთს თუ შეავსებენ აკლდება მეორეს, ეს ვერ გაუგიათ და ამიტომ აცხადებენ ამ ტიპის პროცედურებს," - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.
-