საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე საგადასახადო ტვირთის სიმცირის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზეც გაამახვილა. ვიცე-პრემიერმა ბიზნესს საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისკენ მოუწოდა.
"საქართველომ საქმით და მრავალი მიღწეული წარმატებით უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა საუკეთესო მასპინძელი გახდეს ინვესტორებისთვის და როგორ შეიძლება ქვეყანამ შეცვალოს პოლიტიკა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით. საქართველოში ბიზნესის კეთება და ინვესტიცია ნიშნავს იმ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებას, სადაც ევროპა ხვდება აზიას, სადაც შეგიძლიათ კავშირი იქონიოთ მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებთან. შეგიძლიათ ბიზნესი აწარმოოთ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.