"საქართველო არ გაისუსება" – ეს წარწერა "გირჩის" წევრებმა უსაფრთხოების სამსახურთან დატოვეს. მდუმარე აქციის ჩატარების ადგილად სუს-ის შენობა სპეციალურად შეირჩა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უწყება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოპონენტების პოლიტიკური დევნის ფუნქციას ასრულებს. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
"რამდენიმე დღის წინ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილემ ბატონმა გოგაშვილმა, რუსთაველზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული მოთხოვნით იყვნენ იქ, უდანაშაულო და მშვიდობიანი ადამიანები, ამ ადამიანებს გვიწოდა ტერორისტები და თქვა, რომ პოლიცია რუსთაველს ტერორისტებისგან წმენდს. გვინდა ვუთხრათ რომ არ გავჩუმდებით იქამდე სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც ხელისუფლებისგან ვითხოვთ," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ლევან ჯგერენაიამ.