აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. მთავარ მოედანზე უკვე მზად არის სცენა, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებლები, კარვები, ბანერები და აქციის მთავარი სლოგანი -"ერთად ერთის წინააღმდეგ".
ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მათთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის გზავნილები. მათივე თქმით, ამ ყველაფერმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი დღის წესრიგს ვეღარ შექმნის.
"მორიგი ტყუილები და დაპირებები სწორედ ამას ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ფონი, თითქოს ის ქმნის დღის წესრიგს. საქართველოში დღის წესრიგს შექმნის ხალხი და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, შევქმნით ახალ ბრენდს, შენობებში შეუსვლელად მოვახდენთ ხელისუფლების ცვლილებას," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრის გურამ ჩალაგაშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილმა კალაძეს დღევანდელი განცხადება სპეციალურად გააკეთებინა.
"ეს არის დაცინვა და ცინიზმი. ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კალაძეს სპეციალურად გააკეთებინა ეს განცხადება, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია და იქამდე არ დავიშლებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ წავა," - დასძინა ჩალაგაშვილმა.