18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
“ოცნებამ" უნდა დაანებოს თავი ჩაშლილ თაღლითურ სქემას და შეასრულოს დანაპირები - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მარგველაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები, რომელიც საზოგადოებას მისცა. ყოფილი პრეზიდენტის თქმითვე, ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ "თაღლითურ სქემას", რასაც ხელისუფლება სთავაზობს. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ის მოდელი, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

"არ არის საინტერესო, რას გამოაცხობს ამ ეტაპზე "ქართული ოცნება" ე.წ. პოზიციის სახით. საინტერესო არის მხოლოდ ქართველი ხალხის ნება. ნება, რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ქართული საზოგადოება სულ ამბობდა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები. ნუ გვიშლით ამაში ხელს. ამის გარდა, დანარჩენი საინტერესო არ არის, რა განცხადებას გააკეთებენ, რა მოდელს შემოგვთავაზებენ.

ერთია ფაქტი, არ მიიღებს საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს... მე ვხედავ სრულ ერთიანობას და ძალიან მახარებს და მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ ოპოზიციას, რომ ერთად დგანან. მე ვხედავ ერთ სტაბილურ დღის წესრიგზე მდგომ ოპოზიციას... 

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" თაღლითობიდან ნაბიჯი გადადგა ძარცვისკენ, იმიტომ რომ ძალა გამოიყენა. რაღაცის წართმევა ძალით, ეს არის ძარცვა. მე იმედი მაქვს, ვინმეს მაინც ექნება იმდენი შეგნება, რომ არ გადავიდეს ყაჩაღობისკენ. როდესაც შენ ადამიანს ართმევ რაღაცას და ის ადამიანი ხვდება, რომ შენ ართმევ და არ გაგდის თაღლითობა, მერე ძალას ხმარობ და ეს არის ძარცვა. ვნახე, რომ ტენდენცია აბსოლუტურად გაუმართლებელი ყაჩაღობისკენ, რომ ძალით მოახდინონ ქვეყნის მიტაცება. არ გამოუვათ, არ გამოსვლია არავის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაანებოს თავი ჩაშლილ თაღლითურ სქემას და შეასრულოს დანაპირები," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

დღის ამბები