საპარლამენტო თანამდებობებზე დასახელებული კანდიდატები პარლამენტმა ხვალ უნდა დაამტკიცოს. ამისთვის, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. სხვადასხვა თანამდებობზე გადანაწილდნენ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს.
გურამ მაჭარაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ, თუმცა საპარლამენტო თანამდებობაზე გუნდმა მაინც მისი კანდიდატურა შეარჩია. თუკი შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, საგარეჯოს მაჟორიტარი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ნინო წილოსანი, რომელიც ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების რიგებში იყო. კიდევ ერთი საპარლამენტო თანამდებობა ერგო დავით სონღულაშვილს, რომელიც ასევე გუნდის წინააღმდეგ წავიდა. ახალი თავმჯდომარე ეყოლება კიდევ 2 კომიტეტს. მათ შორის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მარიამ ჯაშს გენადი მარგველაშვილი შეცვლის.
უმრავლესობიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მაჟორიტარების ე.წ. ამბოხი დადგმული სპექტაკლი იყო, რომლის მონაწილეებიც პარტიის თავმჯდომარემ საპარლამენტო თანამდებობებით დაასაჩუქრა.
მამუკა მდინარაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა და ასევე ვიცე-სპიკერის პოსტსაც დაიკავებს აცხადებს, რომ გუნდი არ დაიშლება და საკადრო გადაადგილებამაც დაადასტურა, რომ გუნდში განსხვავებული აზრი არ იდევნება.
მამუკა მდინარაძესთან ერთად მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის კვოტით კიდევ 3 ვიცე-სპიკერი ეყოლება. თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი შეცვლის, სპიკერატში გადაინაცვლებენ გაგა კახიანი და კახა კუჭავაც.
საკუთარი პირობა გადათქვა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება აკაკი ზოიძე, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ მმართველი გუნდის რიგებს დატოვებდა, თუ პლებისციტი არ ჩატარდებოდა, დღეს კი თქვა, რომ ამ დროისთვის ქართულ ოცნებას არ ტოვებს, რადგან ვითარების დასტაბილურების რესურსს ხედავს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისიც ცნობილი გახდა, რომ არა მარტო უმრავლესობის რიგებს ტოვებენ დეპუტატები, არამედ კომიტეტები დატოვეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ზაზა კედელაშვილმა.
საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა და მმართველი გუნდი 12-მა დეპუტატმა დატოვა.
ავტორი: ქეთი ზანთარაია