მეუფე იაკობმა რუსულ ოკუპაციაზე ბრიუსელში ისაუბრა. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს. სასულიერო პირი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ოფიციალურ ტექსტებში, რომელიც რუსულ ოკუპაციას ეხება, საქართველო მუდმივად იყოს უკრაინის გვერდით.
სასულიერო პირი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის დროს, აფხაზეთში, საომარ მოქმედებებში თავადაც მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ანაფორა აცვია. მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციას არ შეეგუება:
"ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სიტუაცია ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენი ტერიტორიების 22% არა მარტო ოკუპირებულია, არამედ ანექსირებულიც არის დღესდღეობით. ჩვენ ამ ოკუპაციას თუ ანექსიას, არ შევეგუებით, მაგრამ მშვიდობიანად. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, ცივილიზებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ბევრ რამეში დაგვეხმარებიან. მე თვითონ, აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და იქნებ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საკითხი უკრაინასთან ერთად, ყოველთვის განიხილებოდეს,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.