18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
რუსეთი საქართველოსგან 20 ივნისის მოვლენებზე ბოდიშს ითხოვს, ხოლო ექიმის დაკავებაზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს

რუსეთის ტონი არ იცვლება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პეტრე ტოლსტოი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველო და ეს ქვეყანამ დროზე უნდა გაიაზროს.

პეტრე ტოლსტოი, რუსეთის პარლამენტის სახელით 20 ივნისის მოვლენების გამო საქართველოს მხრიდან ბოდიშის მოხდასაც ითხოვს და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე პასუხისმგენლობას თავიდან ირიდებს. რუსეთის დელეგაცია საკუთარ თავს ადრესატად არ მიიჩნევს, როდესაც საქმე ვაჟა გაფრინდაშვილს ეხება.

პეტრე ტოლსტოი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მიმართულებით სწორედ დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა ესაუბროს.

"რაც შეეხება გაფრინდაშვილის კონკრეტულ შემთხვევას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმართეთ სამხრეთ ოსეთის მთავრობას. ადამიანების უფლებები ყველასათვის საერთო ფასეულობაა. კონკრეტული ინციდენტების მოსაგვარებლად კი ურთიერთობების მოგვარებაა საჭირო. იმისათვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აღდგეს, ამისთვის საჭიროა საქართველოს რუსეთის პარლამენტს ბოდიში მოუხადოს გავრილოვის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო. გავრილოვს თავს დაესხნენ ნაციონალისტი ხულიგნები და სანამ ბოდიშს არ მოვისმენთ ჩვენ პარლამენტებს შორის დიალოგზე საუბარი გაგვიჭირდება. სამომავლოდ კი დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება," - განაცხადა ტოლსტოიმ.

პარალელურად კი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტს მიუღებლად აფასებენ.

რუმინელი დეპუტატი ტიტუს კორლატეანი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება მიუღებელია და არღვევს საერთაშორისო სამართალს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ექიმის დაკავება საერთაშორისო კანონს არღვევს. მისი ციხეში ჩასმის გამო ადამიანები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ, ეს კი მიუღებელია. ვიმედოვნებ რომ მოლაპარაკებების შედეგად ექიმს გაათავისუფლებენ. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს," - განაცხადა ტიტუს კორლატეანმა.

პარლამენტის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთთან საპარლამენტო ურთიერთობები არასდროს ყოფილა და არც არასდროს აღდგება.

 

დღის ამბები