პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ იქნება მიღწეული შედეგი. აღნიშნული განცხადება ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართა:
"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი, "გავრილოვის ღამის" და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგადოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ ამ დიალოგის გაგრძელების ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. ფორმატი არის რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, არ მოიწვიეს იმ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, ვინც ამ პროტესტის ავანგარდში იყო, მაგრამ ჩვენ არცერთ საბაბს არ მივცემთ ივანიშვილის გუნდს, რომელსაც ერთი სული აქვს რომ ეს მოიშოროს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს,"- აღნიშნა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არგუმენტირებული პასუხები არ ქონდათ:
"არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად. მაგრამ ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას", ჩვენ გავაგრძელებთ ამ "პოლიტიკურ წვალებას" პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, მანამ სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას რაც დაიმსახურა. მთავარი იყო 2 საკითხი - გერმანული მოდელი და პოლიტპატიმრები, ეს არის საკვანძო იმისთვის, რომ საერთოდ ვილაპარაკოთ ნორმალიზაციის ნაბიჯებზე, რაც ჩვენ გვინდა, ოღონდ ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილის მძევლად ყოფნას, რომ "აი, ცუდად მოიქცევით და დაიძაბება ვითარება", მდგომარეობა უკვე დაძაბულია,"- განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ გერმანული მოდელის კანონპროექტის გადაგზავნა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებში მოხდეს და მათგან იქნეს მიღებული ექსპერტული ანალიზი, თუ რამდენად შესაბამისობაშია ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან:
"კითხვაზე, უნდათ თუ არა, გავაგზავნოთ გერმანული მოდელი, პასუხი არის ან დუმილი, ან ბლა-ბლა-ბლა. პასუხი არ აქვთ, ამიტომ იწვალონ, სანამ მათი უფროსი გონს არ მოეგება და მერე მისი გონს მოგების შედეგად აქ შესრულდება ის პირობა, რომელიც დაიდო საზოგადოების წინაშე,"- აღნიშნა ბოკერიამ.