"ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა აცხადებს, რომ ხელისუფლებას მყარი კონტრარგუმენტები არ ჰქონდა ოპოზიციის არგუმენტების საპირისპიროდ:
"ჩვენი განწყობა ნამდვილად იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენთვის სისტემის შეცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია ყველა პარტიისთვის, გარდა ამისა ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც მოიპოვეს, ეს პროპორციული სისტემა, მით უმეტეს მოიპოვეს დათხრილი თვალებისა და მძიმე სულიერი და ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა. რაც შეეხება თავად ამ შეხვედრას, ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ნათელი არგუმენტები, მე ორივე მხრის ყველა არგუმენტს ძალიან სერიოზულად ვუსმენდი, მყარი კონტრარგუმენტები ნამდვილად ვერ დავინახე. რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვის კითხვის ნიშნის გამჩენი, არის ის რომ ჩვენს წინადადებაზე, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც არ არის იდეალური, მაგრამ არის კომპრომისული, გავაგზავნოთ "ვენეციის კომისიაში" ან "ოდირში", ჩვენ პრაქტიკულად უარი მივიღეთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.