დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს "ორსახოვანი" უწოდა - BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი გავრცელებული კადრების გამო გაბრაზდა, სადაც მას კანადის პრემიერ-მინისტრი ნატოს სხვა ლიდერებთან საუბრისას დასცინის.
კადრებში ჩანს, რომ ტრიუდო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან დონალდ ტრამპის მოულოდნელად დაგეგმილ პრესკონფერენციის შესახებ საუბრობს.
ბუკინგემის სასახლეში გადაღებული ვიდეო კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა CBC-მა "ტვიტერზე" ატვირთა. კადრებში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი და დედოფალ ელისაბედის შვილი, პრინცესა ანაც ჩანან. ტრიუდო ტრამპის პრესკონფერენციაზე საუბრობს.
"ამიტომ დააგვიანე?" - ჰკითხა მას ბორის ჯონსონმა.
"40 წუთიანი პრესკონფერენცია იყო. მისი გუნდის წევრებს ყბა ჩამოუვარდათ..." - ამბობს ტრიუდო.
საუბრისას თემასთან დაკავშირებით კომენტარს მაკრონიც აკეთებს, თუმცა მისი ხმა ვიდეოჩანაწერში არ ისმის.
არცერთ მათგანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საუბარს იწერდნენ.
კადრების ნახვის შემდეგ დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს ორპირი უწოდა, "ტვიტერზე" კი დაწერა, რომ სამიტის დასრულების შემდეგ პირდაპირ ვაშინგტონში გაფრინდება და შემაჯამებელ პრესკონფერენციას არ გამართავს, რადგან "მედიასთან ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ისაუბრა".
"ყველას უსაფრთხო ფრენას ვუსურვებ," - წერს აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.